2018 წლის 29-31 აგვისტო

უფსალის უნივერსიტეტში (შვედეთი) განხორციელდა სამუშაო შეხვედრა ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის: „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებნენ პროექტის ინსტიტუციური მენეჯერი, პროფესორი თინა გელაშვილი, სამცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ხათუნა კვინცხაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი თეონა ჟუჟუნაძე.
სამუშაო შეხვედრა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა სტუდენტური სერვისების მნიშვნელობა, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით ნაშრომის მომზადებაში, მათ დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობა სერვისების მიწოდებაში.
შეხვედრის ბოლოს თითოეულმა ქართველმა პარტნიორმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა ხედვა, თუ როგორ დაინერგება სტუდენტური სერვისები 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან მათ ინსტიტუციებში.
შეგახსენებთ, რომ ერასმუს პლუსის პროექტი „INTEGRITY” ხორციელდება 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორიდინირებით. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი საგანმანათლებლო სივრცეში, რომელშიც ჩართულია 13 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 4 ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტი. პროექტის მიზანია აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დანერგვა სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარების გზით.