2018 წლის 2 მარტი

სამეცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ერასმუს+ პროექტის – INTEGRITY ( AcademicIntegrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia) პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფორმატი მოიცავდა პროექტის პირველი შეხვედრისა და ტრენინგის ანგარიშის მოსმენასაც, რომელიც ამ წლის 11-17 თებერვალს განხორციელდა ავსტრიის, ქალაქ ვენის უნივერსიტეტში. ვენის უნივერსიტეტი პროექტის ერთ-ერთი ევროპელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
პრეზენტაციას უძღვებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის კოორდინატორი, პროფესორი თინა გელაშვილი. ქალაქ ვენაში ვიზიტით ასევე იმყოფებოდა პროექტის კიდევ ორი მონაწილე: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი რევაზ ზედგინიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი თეონა ჟუჟუნაძე.
ანგარიშის მოსმენას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.
შეგახსენებთ, რომ პროექტი INTEGRITY ოფიციალურად 2017 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და მისი კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართულია 4 ევროპული და 13 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის კერძო და სახელმწიფო უსდ-ები თბილისის და რეგიონის მასშტაბით.
პროექტი მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში პლაგიატის სისტემის დანერგვისა და აკადემიური კეთილსინდისიერების გაძლიერების გზით სწავლა-სწავლების და შეფასების ხარისხის გაუმჯობესებას.
პრეზენტაციის შედეგების შეჯამებისას თავის გამოსვლაში უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ ისაუბრა, როგორც მიმდინარე პროექტზე ასევე მიუთითა, რომ უნივერსიტეტის პარტნიორობით განხორციელებული პროექტები ღია, გამჭვირვალე უნდა იყოს ყველასთვის, პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის. სამომავლოდ კი, რექტორის რეკომენდაციით სასურველი იქნება თუ პროექტის ყველა მონაწილე შეირჩევა კონკურსის გზით, რათა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღოს საუკეთესო, მოტივირებულმა კადრებმა და ამ გზით კიდევ უფრო გაუმჯობესდეს უნივერსიტეტში სწავლა – სწავლების ხარისხი, მატერიალურ – ტექნიკური ბაზა.