სამეცნიერო პოპულარულ და საზოგადოებრივ ჟურნალ „არავის“ პრეზენტაცია

21 დეკემბერს, ქალაქ ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ, სამეცნიერო პოპულარულ და საზოგადოებრივ ჟურნალ „არავის“ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი 2016 წელს დაარსდა, როგორც ყოველთვიური გამოცემა. მისი დამაარსებელი და რედაქტორი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მერაბ ბერიძეა.

ჟურნალში იბეჭდება სხვადასხვა ავტორის ნაწარმოები და ლექსი. ავტორები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც უკავშირდებიან უნივერსიტეტს. შემოქმედთა გარკვეული ნაწილი სხვა ქვეყნებში ემიგრირებული ქართველები არიან.

ჟურნალის შექმნისა და გამოცემის ისტორია გაიხსენა მისმა რედატორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს მდივანმა, სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ მის მნიშვნელოვნებაზე გაამახვილა ყურადღება. ჟურნალის დანიშნულებაზე ისაუბრეს სარედაქციო საბჭოს სხვა წევრებმაც.

ჟურნალს გამოცემაში სხვადასხვა ქველმოქმედი ეხმარება. შეხვედრაზე პროფესორმა მერაბ ბერიძემ შ ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციას – შპს „ნათია 777“-ს ქველმოქმედებისა და ჟურნალ „არავის“ მეოხებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ახალციხის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მერია ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს ჟურნალს.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, თვით-მმართველობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული ადამიანები.