რექტორის მიმართვა

პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი, სწავლების სათანადო ხარისხი, არჩევანის თავისუფლება, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, უცხოეთში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძებლობა, საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის შექმნილი საწავლო გარემო დახვდებათ აბიტურიენტებს, რომლებიც აირჩევენ განათლების მისაღებად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

უნივერსიტეტის მთავარი უპირატესობა მისი ორ გეოგრაფიულ ადგილზე მდებარეობაა. პირველი და მეორე კორპუსი ფუნქციონირებს ახალციხეში, ხოლო მესამე კორპუსი – ახალქალაქში. მესამე კორპუსთან სტუდენტებს თანამედროვე სტანდარტების სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ელოდება.

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ოთხ ფაკულტეტზე მიმდინარეობს. ოთხივე ფაკულტეტზე პროგრამების უმრავლესობაზე სტუდენტებს სწავლა სახელმწიფო დაფინანსებით შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამები გამოირჩევა, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარჩვევებზე ორიენტირებით, რაც ზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შანსს. პროგრამები უახლესი სტანდარტების მიხედვით აკრედიტებულია. სწავლების მაღალი ხარისხი კი სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით მიიღწევა.

აბიტურიენტებს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს აირჩევენ და ექნებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, დაენიშნებათ სტიპენდიები. წარმატებული სტუდენტები მიიღებენ სახელმწიფო, საუნივერსიტეტო, მერიისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ დანიშნულ სტიპენდიებს. გამორჩეული სტუდენტისთვის არსებობს სახელობითი სტიპენდია. ყოველ სემესტრში ერთი სტუდენტი ხდება გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდიის მფლობელი. უნივერსიტეტის სერიოზული უპირატესობაა ის, რომ ახორციელებს სხვადასხვა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს – საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო. უმაღლესი განათლების გვერდით ფუნქციონირებს პროფესიული საფეხურის პროგრამები.

მივმართავთ აბიტურიენტებს, რომლებიც დგანან პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევანის წინაშე: დაიწყეთ 2019-2020 სასწავლო წელი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისარგებლეთ შესაძლებლობით, ისწავლოთ სახელმწიფოს დაფინანსებით, გაზარდეთ თქვენი დასაქმების შანსი და სწორად დაგეგმეთ მომავალი. გახდით წარმატებული მოქალაქე და ხელი შეუწყეთ საქართველოს, სამცხე-ჯავახეთის გაძლიერებას!

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: მაკა ბერიძე
ინტერვიუ გაზეთიდან „მესხეთის უნივერსიტეტი“

სწრაფი წვდომის ბანერები