საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 2-ნ) ბაკალავრიატს განსაზღვრავს, როგორც: “უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების პირველ საფეხურს – ისეთი სასწავლო პროგრამების ერთობლიობას, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია კურსდამთავრებულის მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის ან ისეთი პროფესიის ასათვისებლად, რომელიც სტუდენტისაგან საშუალო განათლებაზე უფრო მაღალ საწყის მომზადებას მოითხოვს”.

საბაკალავრო პროგრამების ძირითადი თავისებურება ჩვენს უნივერსიტეტში კომბინირების  ხარისხია, ანუ პროგრამის შემადგენელი სტრუქტურული ერთეულების სხვადასხვანაირად კომბინირებამ საშუალება უნდა მისცეს სტუდენტს უპრობლემოდ აირჩიოს ძირითადი და დამხმარე სპეციალობები. მაგ. თუ სტუდენტი იცვლის არჩევანს, მას უკვე გავლილი საგნები/მოდულები შესაძლოა დამხმარე სპეციალობის პროგრამაში ჩაეთვალოს. ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში სტუდენტი დროულად უნდა იყოს ინფორმირებული თავისი საგანმანთლებლო პროგრამის დაგეგმვის ყველა არსებული შესაძლებლობის შესახებ.  

რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე შესაბამისი რეგულირებადი პროფესიისათვის. საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 75% ეთმობა რეგულირებადი პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას. 

საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა

პროგრამის მოცულობა – 240 ECTS (წელიწადში – 60 ECTS სემესტრში – 30 ECTS
ძირითადი სპეციალობა (major) – 120 + 40 ECTS (სადაც 40 ე.წ. საუნივერსიტეტო კრედიტებია, თუმცა შესაძლოა სხვა თანაფარდობის არსებობაც, ჯამში ძირითადი სპეციალობის მოცულობა 160 კრედიტს არ უნდა აღემატებოდეს).

მათ შორის:

საბაკალავრო ნაშრომი – 10 ECTS
ინგლისური ენა – 20 ECTS
დამატებითი სპეციალობა (minor) – 60 ECTS
ე.წ. თავისუფალი (არჩევითი) საგნები – 10 ECTS 

ძირითადი სპეციალობა (major) – სტუდენტისათვის მაპროფილებელი სპეციალობაა, რომელშიც მას ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ენიჭება. მისი მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრება 160 კრედიტით.

დამატებითი სპეციალობა (minor) – უკეთეს შანსს აძლევს სტუდენტს შრომის ბაზარზე თუ სწავლების შემდგომ საფეხურზე. 

თავისუფალი საგნები/კრედიტები – ემსახურება სტუდენტის ინტერესის დაკმაყოფილებას, მისი ზოგადი განათლების გაღრმავებას და არ განსაზღვრავს სტუდენტის დარგობრივ კვალიფიკაციას. თავისუფალი კრედიტები აისახება დიპლომის დანართში. თავისუფალი საგნების არჩევა შესაძლოა როგორც საკუთარი, ისე სხვა ფაკულტეტების კურიკულუმიდან. უნივერსტეტში ე.წ. თავისუფალი საგნების მოცულობა განისაზღვრება მაქსიმუმ 20 კრედიტით, თუმცა, რეგულირებადი პროფესიების შემთხვევაში შესაძლოა თავისუფალი კრედიტების რაოდენობა აღნიშნულ ლიმიტს არ შეესაბამებოდეს.

საუნივერსიტეტო საგნები

1. აკადემიური წერა
2. ფილოსოფიის შესავალი
3. ინფორმატიკა
4. ინგლისური ენა

იხილეთ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი

სწრაფი წვდომის ბანერები